ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ყოფილი ძალოვანი უკვე მე-6 დღეა, რაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.
ოჯახი დახმარებისთვის მთავრობას მიმართავს:
"ღარიბაშვილი, ქალბატონი პრეზიდენტი, დაგვეხმარონ, რომ გამოგვაყვანინონ, ან გაგვაგებინონ, ცოცხალია თუ მკვდარი. ღმერთის იმედი მაქვს შვილო. ხომ არ მოკლეს მეთქი მაგის ფიქრებიც მაქვს, დღე და ღამ სულ ტირილში ვატარებ, სხვა ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გატაცებულის მამიდა, დალი კაპანაძე.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნად სარჩელი უკვე მოამზადა და ის დღეს გაიგზავნება. მათი თქმით, ყოფილი ძალოვანი ოკუპანტების ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა.
ცნობისთვის, გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ომის დანაშაულები დაისჯება ხანდაზმულობის მიუხედავად". განცხადების ეს ნაწილი სავარაუდოდ, სწორედ მამუკა ჩხიკვაძეს ეხება, თუმცა ის პერსონალურად მოხსენიებული არ არის.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.