
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით, 82 ხმით დაუჭირა მხარი.
"თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას.
სონღულაშვილის განმარტებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნები ტერმინოლოგიის დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე, საკანონმდებლო ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები.
მისივე თქმით, გათვალისწინებულია მაუწყებლების შენიშვნაც და კანონპროექტში თავდაპირველად მითითებული ამოქმედების ვადად 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის 1 მარტით.
აზარტული თამაშების შეზღუდვის საკითხს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა. საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს.
პროექტით, აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი 25 წელი იქნება. ასევე, საჯარო მოხელეებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლება არ ექნებათ.
ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.