
"ქართული ოცნების" დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხმაურება და მას "უაზრო აქციას" უწოდებს.
მან მესამე პრეზიდენტი თანაგუნდელების შანტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ "ეს ისეთივე შეცდომაა, როგორც მისი ქვეყანაში შემოპარვა".
"ადამიანი დამნაშავე თუ არა, უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი, ეგ შიმშილობით არ წყდება. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილიც უნდა მიხვდეს, რომ როგორი შეცდომაც იყო თავის დროზე ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ბელადს ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე, ოლიმპზე, ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა აშანტაჟებს თანაგუნდელებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე ტიპის აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან. სააკაშვილი მოიხდის სასჯელს. მაკდონალდსის გვერდით მოუწევთ მათ შიმშილობა და თუ მაინც მოინდომებენ მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მიირთმევენ „მაკდონალდსის“ ჰამბურგერებს", - თქვა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო შიმშილობა დაიწყო. პარტიის ოფისთან 10-მდე კარავია გაშლილი. ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, მასთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე 300-ზე მეტი ადამიანი მიმართავს, მათ შორის პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.