საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მიიღო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა - კანონს მხარი 82-მა დეპუტატმა დუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. 

რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას - მესამე მოსმენით მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რეკლამა 1 მარტიდან აიკრძალება.

პროექტით, აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი 25 წელი იქნება. ასევე, საჯარო მოხელეებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლება არ ექნებათ.

ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი