"დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივა"- ღარიბაშვილი აზარტულ თამაშებზე კანონის მიღებისთვის მადლობას იხდის

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილი პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღებისთვის და "მომავლ თაობაზე ზრუნვისთვის" მადლობას წერილობით უხდის:

„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.

2022 წლის პირველი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25-წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

პირველი მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე – რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს – ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით – ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს“, – წერს ღარიბაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონს მხარი 82-მა დეპუტატმა დუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი