
"ქართული ოცნება" ჩხოროწყუში პირველი ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამ გააღიზიანა. ამ თემაზე პარტიის წევრმა, სოზარ სუბარმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" "ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა".
სუბარის აზრით, ისინი "რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით" შეეცდებიან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარება შეაფერხონ, თუმცა ამას "ოცნება" "არ დაუშვებს".
"მოგეხსენებათ, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამდა წყალს, დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ, სწორედ ენმ-ს მხარდაჭერით აირჩიეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია "საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია, ამასთანავე, მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს თითქოს გახარიას პარტია ენმ-სთან თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა, ეს იყო მტკნარი სიცრუე", - თქვა სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობა სხვა საკრებულოებშიც იყოს. ამავე თემაზე: