2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, ქვეყნის მთავრობა უზარმაზარი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალდებულებები წელს გაიზრდება 4 მლრდ 500 მილიონით, ხოლო საშინაო ვალი 600 მილიონი ლარით მოიმატებს.
მთავრობის ხარჯები შემცირდება მხოლოდ 600 მლნ ლარით, აქედან 300 მლნ ლარით დაიკლებს შრომის ანაზღაურება, ხოლო მეორე 300 მლნ ლარით შემცირდება კაპიტალური ხარჯები.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ეს დონე საკმარისი არ არის.
მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ სასიკვდილოდ გაწირა 10 ათასობით ადამიანი, იმიტომ, რომ დღეს ბიუჯეტში იყო რესურსები, რომელიც იხარჯება უსამართლოდ. ამ ხარჯების სამართლიანად დახარჯვა იქნებოდა საკმარისი, რომ ადამიანებს დახმარება მიეღოთ, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
მისი მტკიცებით, სწორედ ის თანხა, რომელიც ბიჯეტში ჩადებულია სოციალური მიმართულებით, საკმარისი იქნებოდა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება, 400 ლარის ოდენობით დახმარება მიეღო.
გასაგებია, რომ შეიძლება მეორე ტალღა იყოს და ყველაფერი. აი, ამ ყოველი შემთხვევისთვის ვიღებთ უფრო მეტ ვალს, ვიდრე გვჭირდებოდა. დანარჩენი, რაზეც იყო აქამდე საუბარი, რომ შემცირდება ხარჯები, გასაგებია, რომ ბევრი ხარჯი შემცირდა, მაგრამ ისევ პროგნოზირებენ 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას. ვფიქრობ, ეს ძალიან ოპტიმისტურია და მეტი იქნება ვარდნა სამწუხაროდ, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ბერიკაშვილი.
კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა დღეს საპარლამენტო კომიტეტებზე გაგრძელდება.