
დაგვიანებული და საკუთარ ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი - ოპოზიცია ხელისუფლებას არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ცვლილებების პროექტს "ქართული ოცნება" მხოლოდ კორუფციულ სქემებს მოარგებს.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, პროგრამები, რომელიც მმართველმა გუნდმა განახორციელა ან მომავალში აპირებს, ბევრ კითხვას აჩენს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბიუჯეტი არა მოსახლეობაზე, არამედ მათთან დაკავშირებული კომპანიების გამდიდრებაზეა ორიენტირებული.
უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ ეს გამოწვევა არის გლობალური ფენომენი და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვს სხვა ქვეყნებსაც. მათი თქმით, შემოთავაზებული ბიუჯეტი სრულად პასუხობს კოვიდ 19-ის გამოწვევებს.
როცა საქართველოზე პროგნოზი არის მინუს 4% ეკონომიკური ზრდის, უფრო მეტი პრობლემები შეექმნათ ჩვენზე გაცილებით დიდ ქვეყნებს. დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზენტაცია, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული იმ ეკონომიკურ რისკების შემცირების რეალურ გეგმასთან, რაც საქართველოს ეკონომიკის შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში იქნა მიღებული, გადაწყვეტილი და დახვეწილი, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, კორექტირებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ეპიდემიის მეორე ტალღის შესაძლებლობაც.
ეშველა ესე იგი ქვეყანას და შემოვიდა ნანატრი ბიუჯეტი. ნუ გვავიწყდება, რომ დახმარება, ეს არის სესხი და 5 მლრდ ლარი ისესხა მთავრობამ და, მართალია, რომ არა ეს დახმარება, ჩამოიშლებოდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ როცა ვიღებთ სესხს, თითოეულ თეთრს უნდა გავუფრთხილდეთ. რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, სანამ ბიუჯეტი შემოვა, ბიუჯეტის ამ 5 მილიარდის ფლანგვა მიდის, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
მისი თქმით, არ არის შემცირებული ბიუჯეტის არაპრიორიტეტული, მეორეხარისხოვანი ხარჯები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვესაც ხელისუფლებას არ აქვს სერიოზული გეგმა არც ხალხის დახმარების, არც ამ კრიზისიდან გამოსვლის. არანაირი გეგმა არ არსებობს. რაზეც საუბრობენ, იმის მეათედიც არ არის ჩადებული წარმოდგენილ ბიუჯეტში. რა დახმარებაზეც არის საუბარი, არის დაგვიანებული და არასაკმარისი, - ამბობს საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის დაგვიანებული და საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად გვიან მოხდა დახმარებების გაცემა.