"აქ ვართ! მხნედ იყავი! არ გაიკარო არავინ! არავის არ მივცემთ კიდევ ერთხელ შენი გატაცების უფლებას, აქედან ჩვენ დაგიხსნით" | ნიკა გვარამიას მიმართვა მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

"აქ ვართ! მხნედ იყავი! არ გაიკარო არავინ! არავის არ მივცემთ კიდევ ერთხელ შენი გატაცების უფლებას, აქედან ჩვენ დაგიხსნით", - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ნიკა გვარამიას თქმით, ადვოკატი, ენმ-ის წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დილამდე დარჩებიან.

​მინდა, საჯაროდ მივმართო მიხეილ სააკაშვილს, ვიცი რომ გვიყურებს. მიშა, აქ ვართ ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეჭვი გვეპარება, რომ დილის 10 საათამდე შენ თავს აქ ვინმე დაგვახვედრებს. გეუბნები ღიად და გახსნილად, არ გააკეთებინო არავითარი დამამშვიდებელი, არ დალიო არაფერი, არ დააძინებინო შენი თავი და არ მოატაცებინო.

ჩვენ ვიქნებით აქ, წინაც და იქიდანაც, უჩვენოდ ვერ გავლენ ნებისმიერ შემთხვევაში. არ მიიკარო არც ერთი მათგანი, მოითხოვე შენი ადვოკატების და ექიმების შემოსვლა, ამის გარეშე არაფერზე ხელი არ მოაწერო, ნაბიჯი არ გადადგა პალატიდან ამის გარეშე. აქ ვართ, მხნედ იყავი, არავის მივცემთ შენი აქედან გადაყვანის საშუალებას და არავის მივცემთ შენი მკვლელობის საშუალებას. მე დარწმუნებული ვარ როგორც დამთავრდება ეს ყველაფერი, როგორც შენ თქვი ამ დღეებში - ბოროტსა სძლევს კეთილი.

მიშა, ყურადღებით აქ ვართ, იყავი მხნედ, არ გაიკარო არავინ. ადამიანები, რომელბმაც მოაწერა ფორმა 100-ს ხელი, ქალბატონი გოგორიშვილი სავარაუდოდ, რომელიც შენი მკურნალი ექიმია და იქ იღიმოდა, არ გაიკარო ის ხალხი, ვინც შენ გაგწირა სასიკვდილოდ და მათ შორის არის ქალბატონი გოგორიშვილიც. ამ კლინიკაში, ჩათვალე, რომ ყველა შენი პირადი მტერია...აქედან ჩვენ დაგიხსნით, იქნება სხვა კლინიკა, თუ სხვა ქვეყანაში გადაყვანა, ამას ჩვენ მივაღწევთ ყველა შემთხვევაში. არავითარი რუსთავი, არავითარი გორი. ორივე მხარეზე ვიდგებით, თუ მაინც გაგიტაცებენ გადავახდევინებთ უძვირეს ფასს და შენ მაინც გადაგარჩენთ, მხნედ იყავი, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 27 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმებოდა. მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.  

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.

კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი