
"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. უცნობია ვის და რა მიზნით შეხვდნენ ისინი.
ეს იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად დასტურს დედა, გიული ალასანია და დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი რამდენიმე საათი ელოდნენ. მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ მისცეს მედიკოსებს. ექიმები ამბობენ, რომ სააკაშვილის ეტაპირება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რადგან მას შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის საშუალება არც "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორსა და მესამე პრეზიდენტის ადვოკატს, ნიკა გვარამიას მიეცა.
ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა.
ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.
კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.