შტურმი და შურისძიება სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა - თოლორაია მისი უწყების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

ეს არის სამსახურზე შურისძიება - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საკანონმდებლო ორგანო საკომიტეტო მოსმენაზე სწორედ დღეს, დაჩქარებული წესით განიხილავს ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს, რომელიც "ოცნებამ" მოამზადა

"ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა" - თქვა თოლორაიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ უცნობი იყო.

„გარდა იმისა, რომ ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ეს კანონპროექტი სრულად ხელმისაწვდომი. თავისთავად ცხადია, ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის,რომ სამსახური ამ კანონპროექტს სრულყოფილად გაცნობოდა, თუმცა, ცხადია, ჩვენ მის ძირითად დებულებებს მაინც გავეცანით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე გუშინ დილიდან ვსაუბრობდი. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა“,-განაცხადა თოლორაიამ.

ცნობისთვის, დღეს 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია შაბათს, 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი