
შეზღუდვების მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის მონახულებას დღეს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი შეეცდება. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის უსაფრთხო არ არის არც პენიტენციური სისტემა და არც ისეთი ჰოსპიტლები, რომლებზეც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს "ხელი მიუწვდება".
"მას როგორც ფიზიკური, ასევე ნეიროფსიქოლოგიური მდგომარეობით, ესაჭიროებოდა და ესაჭიროება მკურნალობა-რეაბილიტაცია. შესაბამისად, გაწერის ადეკვატურობას ვერ ვხედავთ. უსაფრთხოს არ წარმოდგენს საქართველოს ციხე და სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის და ვფიქრობ, უკვე არცერთი ჰოსპიტალი, სადაც ხელი მიუწვდება როგორც მინიმუმ იუსტიციის მინისტრს. უნდა დადგეს საკითხი საერთაშორისო დონეზე, რომ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება, გაიაროს ადეკვატური მკურნალობა საზღვარგარეთ", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან საღამოს საათებში შევიდნენ და აცნობეს, რომ ის კლინიკიდან უნდა გადაეყვანათ, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება დაკარგა. როგორც ჯანიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ემოციური ფონის გამო შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.
კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელა. მესამე პრეზიდენტის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მისი გაყვანა, ძალის გამოყენებით სცადეს.