შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, თუ დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვებენ, ამას გავასაჩივრებთ - მარიამ ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და ალტერნატიული კომისიის ექსპერტები დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულებას გეგმავენ, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, მიეცემათ თუ არა ამის შესაძლებლობა.

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც ყველა პატიმარს, უფლება აქვს, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაიტაროს, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ დღეს ექსპერტებს გორის ჰოსპიტალში არ შეუშვებენ, ფაქტს გაასაჩივრებენ.

"ემპათიას" ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაწესებულ შეზღუდვებზე მთავარ ექიმს მიმართეს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღიათ.

"შეზღუდვები რომელიც არის დაწესებული, რა თქმა უნდა, არის არაკონსტიტუციური, განსაკუთრებით ადვოკატების ნაწილში, ასევე, ექსპერტიზის ნაწილში. მე მივწერე გუშინ გორის ჰოსპიტალის მთავარ ექიმს, თუმცა არ გამოგვეპასუხა, რომ ექსპერტიზის შეზღუდვის უფლება არ აქვს, ვინაიდან ამას განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და პატიმარს აქვს უფლება, ჩაიტაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. ასე რომ, დღეს თუ არ შეგვიშვებენ, ან იქნება რაიმე დაბრკოლება, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ. 

ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არის კიდევ უფრო დამძიმებული", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

მისი თქმით, თუ დღეს საშუალება მიეცემათ, შეაფასებენ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ასევე, იმ ფაქტს, რაც გუშინწინ დაწესებულებაში მოხდა.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სანქცია ჰოსპიტალმა გუშინ გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილთან მნახველებს მხოლოდ 4-დან 6 საათამდე შეუშვებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი