ყველაფერზე არიან წამსვლელი, თვალს არ დაახამხამებენ, ისე გამოგვასალმებენ სიცოცხლეს - გიორგი ბოტკოველი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტლიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, არამედ ქვეყანაზე იძიოს შური.

"ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. მან გადაწყვიტა, ბოლომდე გაანადგუროს ქვეყანა და არა მხოლოდ მიხეილ  სააკაშვილზე იძიოს შური, არამედ იმ ქვეყანაზე, რომელმაც წარმატებას მიაღწია სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს. დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი უკვე. ამ ქმედებებით ეს ყველაფერი დავინახეთ. თვალს არ დაახამხამებენ, ისე გამოგვასალმებენ ალბათ თითოეულ ადამიანს სიცოცხლეს და ისე მოახდენენ ნებისმიერი ადამიანის რეპრესიას, ვინც ამ ქვეყანაში რაიმე დემოკრატიულ სიტყვას იტყვის", - თქვა ბოტკოველმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მყოფი მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მან აღნიშნა, რომ მოშიმშილეების ნაწილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. პროტესტს ადგილზე 200-მდე ადამიანი აგრძელებს.

"სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვაკლდებიან მეგობრები, ხდებიან ცუდად. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ნაწილის გადაყვანა გვიწევს საავადმყოფოში, ნაწილი რეკომენდაციების გამო, წყვეტს შიმშილობას, თანმდევი დაავადებების გამო, თუმცა აქ მუხტი არ ქრება. 10 დღეა, ეს ადამიანი შიმშილობენ და მათი შინაგანი რწმენა და მიზანია მთავარი - ამ ქვეყნის თავისუფლება", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. მათ მიხეილ მონახულების საშუალება გუშინ არ მიეცათ.

უფლებადამცველები რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი