
9-საათიანი დუმილის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
უწყების მტკიცებით, მისი გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა "კანონმდებლობის სრული დაცვით" მოხდა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - ამბობენ პენიტენციურში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიტაცეს და რუსთავის ციხეში მოათავსეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. მათ მიხეილ მონახულების საშუალება გუშინ არ მიეცათ.
უფლებადამცველები რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ვითარებაში მოხდა მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანა და ასევე, როგორია ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.