რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის მონახულებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები. ოჯახი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამის შესაძლებლობა დღეს მაინც მიეცემათ.
მამუკა ჩხიკვაძე თითქმის სამი კვირაა, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.
ჩხიკვაძის გატაცების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 12 დეკემბერს გახდა. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.
არის ეჭვი, რომ ის ნაცემია, რადგან "მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტებს ის "შავ სიაში" ჰყავთ შეყვანილი, როგორც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი. მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.