"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფება.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ციხეში შესვლის წინ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ისაუბრა და თქვა, რომ მზად არიან, შევიდნენ პარლამენტში და ამ საქმეზე მუშაობა დაიწყონ.
"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება. მე მქონდა კიდევაც ჩემს კოლეგებთან ოპოზიციიდან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება. იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა",- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მისივე ინფორმაციით, "ლელოს" წარმომადგენლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ საზოგადოებას გააცნო მესამე პრეზიდენტის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ოპოზიციამ სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას, რომლის მიზანიც მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმის შესწავლა იქნება.