„თქვენ გაქვთ ფუნქცია ამერიკის ელჩის ქმედებების, ნაბიჯების ან ვიზიტების თარგმნის? ან ვინ გითხრათ, რომ ეს გაფრთხილება იყო“, - ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
პრემიერი ამერიკის ელჩის გენერალურ პროკურატურაში სტუმრობას ეხმაურება, რომლის დასრულების შემდეგ კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს.
პრემიერი კელი დეგნანის განცხადებას გაფრთხილებად არ მიიჩნევს. გახარია ელჩსა და ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საერთოდ არ საუბრობს და ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს.
პოლიტიკური სპექტრი, სამწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე, დღეს არის ძალიან ტოქსიკური. უბრალოდ, დღეს მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ, პროპაგანდა, რომელიც ამასთან ერთად ფეიკ ნიუსებზეა დაყრდნობილი და ეს სამწუხაროა, - განაცხადა პრემიერმა.
ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პროკურატურაში იმყოფებოდა და ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ ირაკლი შოთაძეს კიდევ ერთხელ და ხისტად შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია პროკურატურის როლი მოახლოვებულ არჩევნებში. დეგნანის თქმით, შოთაძესთან შეხვედრისას აქცენტი ამომრჩეველთა დაშინებასა და მოსყიდვაზე გაკეთდა.