
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართავს და მესამე პრეზიდენტთან, დახურული კომუნიკაციის შეხვედრას ითხოვს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, შეხვედრების ოთახში ამოშენებულია სპეციალური ბარიერი და იმიზეზებენ კოვიდუსაფრთხოებას:
„კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.
ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ადვოკატი კვლავ ითხოვს მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან ექიმები, როგორც მისი პირადი ექიმი, ისე კონსილიუმის წევრი მედიკოსები.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა გუშინ, 3 იანვარს მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეუშვა.
ექიმების შესვლასა და კომუნიკაციის შესაძლებლობას ითხოვს თავად მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვავე პროტესტს გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად ეკა ხერხეულიძეა შესული, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია და განცხადებას ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.