
"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, რომელიც ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დააკავეს, მომხდარის დეტალებს "მთავარ არხთან" საუბრისას იხსენებს:
"გუშინ მე დამაკავეს მაშინ, როდესაც ნურ სულთანში, დედაქალაქში, ვმუშაობდი და ვაშუქებდი მიმდინარე პროცესებს "რადიო თავისუფლებისთვის". ჩემთან ერთად ჩემი რამდენიმე კოლეგაც დააკავეს და 4 საათის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში ვყავდი. ძალოვანი უწყებები გვიან ღამემდე აკავებდნენ ყველას, ვინც კი ხელში მოხვდებოდათ.
ამ წუთებშიც სიტუაცია ყაზახეთში ყოველწამიერად იცვლება. სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ცნობა, რომ მთავარი პროკურატურის შენობას ცეცხლი უკიდია. მანამდე გავიგეთ, რომ ცეცხლი ეკიდა ნურ სულთან ნაზარბაევის პარტიულ ოფისს. დემონსტრანტებმა დაიკავეს და სრულ კონტროლს ახორციელებენ მერიის შენობაზე. ამ წუთებში რამდენიმე მოედანზე ვხედავთ, რომ იწვის საპოლიციო და სპეცდანიშნულების მანქანები.
ასტანაში ახლა ყველგან სპეცრაზმია. ეტაპობრივად ვრცელდება ცნობები გარდაცვლილთა შესახებ. დღეს დილით მთავრობა გადადგა, თუმცა მოთხოვნები კვლავ არ იცვლება. ხალხი ითხოვს მთავრობა ბოლომდე ჩამოშორდეს მმართველობას და ნაზარბაევი, რომელიც ამ დრომდე რჩება ქვეყნის ჩრდილოვან და არაფორმალურ მმართველად, ჩამოშორდეს პოლიტიკას. მეორე მოთხოვნა, რომელიც ახლა ისმის ქუჩებში არის ის, რომ ყაზახეთი საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაიქცეს.
ძალიან ბევრი დემონსტრნატია ყველა ქალაქის მთავარ მოედნებზე და საპროტესტო მუხტი ძალას სულ უფრო იკრებს" აცხადებს ჟურნალისტი, დურხან ომირბეკოვი
იხილეთ ასევე - ბოლო ცნობები ყაზახეთიდან