პროტესტის ძალა - ყაზახეთი დიდი ცვლილებების ზღვარზე

გამოქვეყნდა:

30 წლის შემდეგ ყაზახეთში ტირანიის დასასრული დგება. გადამდგარია მთავრობა. გადამწვარია ადმინისტრაციული შენობები. ძალოვანები ხალხის მხარეს გადავიდნენ. 

დემონსტრანტებმა ალმა- ატას ცენტრში  ცოტა ხნის წინ დაამხეს  ტირანიის კიდევ ერთი სიმბოლო - ქვეყნის არაფორმალური მმართველის და ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ხალხმა შეძახილით- წადი ბებერო- პიედესტალიდან ჩამოაგდეს. 

არეულობა ჯერ კიდევ 2 იანვარს დაიწყო. თხევად გაზზე ფასების თითქმის გაორმაგების გამო ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქებში, აკტაუსა და ჟანაოზენში, ადგილობრივები ქუჩებში გამოვიდნენ.

ხელისუფლებამ ფასების დაწევის შესახებ მალევე გააკეთა განცხადება, თუმცა ამან საპროტესტო ტალღა ვერ ჩაახშო და უკვე სამშაბათს, 4 იანვარს, ხალხი ალმატის, ყარაღანდის, შიმკენტის, აქტობესა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა და უკვე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად არაფორმალური და ჩრდილოვანი მმართველის, ნურ-სულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან ჩამოშორება მოითხოვა.

შეტაკებებმა პროტესტანტებსა და საპოლიციო ძალას შორის პიკს გუშინ ღამით მიაღწია. ყაზახეთის შსს-ს ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია 200-მდე დემონსტრანტი. ვრცელდება ცნობები გარდაცვლილებზეც.

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები. დემონსტრანტების დასაშლელად რეჟიმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რა დროსაც ასობით ადამიანი დაშავდა. 

სამედიცინო დაწესებულებებს 200-მდე მოქალაქემ და 150-მდე პოლიციელმა მიმართეს. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. 

უკვე დღეს დილით პრეზიდენტი იძულებული გახდა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებაზე მოეწერა ხელი, თუმცა პოლიტიკურმა ტემპერატურამ ქვეყანაში არ დაიკლო. დემონსტრანტებმა შტურმით აიღეს მთავრობის მეთაურის რეზიდენცია. 

ცეცხლი უკიდია ალმატის მერიის შენობას,  იწვის მთავარი პროკურატურაც. ცეცხლის ალშია გახვეული  ქვეყნის არაფორმალური მმართველის ნურ-სულთან ნაზარბაევის პარტიის ცენტრალური ოფისიც. ადგილობრივი მედიის თქმით, ქუჩაში გამოსული ხალხი დაშლას მანამდე არ აპირებს, სანამ არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა- ნურსუთან ნაზარბაევის ჩრდილოვანი მმართველობის დასრულება. 

დღის მეორე ნახევარში მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ დემონსტრანტების მხარეს ძალოვანებიც გადავიდნენ. ვიდეოზე ჩანს, რომ დემონსტრანტების გვერდიგვერდ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დგანან და ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მიდიან. 

ამ დროისთვის  ქუჩაში გამოსული ათასობით ყაზახის მოთხოვნები უკვე სრულად პოლიტიკურია. დემონსტრანტები მოითხოვენ :

  • 1. სრული შემადგენლობით გადადგეს მთავრობა შეუწყდეს უფლებამოსილება პრეზიდენტსა და პარლამენტს.
  • 2. ყველა რეგიონის ხელმძღვანელმა დატოვოს თანამდებობა  ახალ არჩევნებამდე
  • 3. ყველა თანამდებობის პირის, მინისტრისა თუ მოადგილის საზღვრებს გარეთ გასვლის აკრძალვა
  • 4. დაუყოვნებლივი ამნისტია ყველა პოლიტპატიმრისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთათვის
  • 5. დაუბრუნდეს ყველა სამხედრო მოსამსახურე მუდმივი დისლოცირების ადგილს.
  • 6. შეიქმნას დროებითი მთავრობა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ. 
  • 7. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიული ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების დანაშაულად აღიარება  პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისა და ყირიმის ანექსიის დაგმობა. გამოსვლა დსთ-დან ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და რუსეთის ფედერაციის სხვა ალიანსებიდან. 

ყაზახეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარგულან სეისემბაევია. ყაზახი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი უკრაინაში, რადას ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ მუშაობდა. ამასთან, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დააკავეს, მარგულან სეისემბაევი მის სანახავად ჩამოფრინდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ის ქვეყანაში არ შემოუშვა.  

ასევე საინტერესო ფაქტია რომ მიხეილ სააკაშვილმა 2020 წლის აგვისტოს თვეში, კიევში, თავის რეზიდენციაში ყაზახურ დელეგაციას უმასპინძლა, რომელშიც სეისემბაევის გარდა, მაშინდელი ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ხუდაიბერგენოვი და ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა  განაცხადეს რომ ყაზახეთშიც შეიქმნებოდა რადას ეროვნული საბჭოს ანალოგიური სტრუქტურა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი