განადგურებული ინფრასტრუქტურა, გადამწვარი მანქანები და სამხედროები ქუჩებში - კადრები ალმათიდან

გამოქვეყნდა:

გადამწვარი მანქანები, შენობები და დამსხვრეული მინები  - BBC ყაზახეთის უდიდეს ქალაქში, ალმათში არსებულ ვითარებაზე პირველ კადრებს ავრცელებს.

BBC-ის ადგილობრივი ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს, რომ დღეს დღის განმავლობაში ქუჩაში აქციები არ ყოფილა, თუმცა ქალაქში ისმის სროლისა და აფეთქების ხმა. სროლის ხმა ისმის უშუალოდ სიუჟეტის მიმდინარეობის დროსაც.

ამასთან, ჟურნალისტის თქმით, მანამდე BBC-ის გადამღებმა ჯგუფმა ქუჩაში, მანქანებში გარდაცვლილი ადამიანები ნახა, რომლებიც სავარაუდოდ, პროტესტის დროს მოკლეს.

ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ქვეყნის მასშტაბით კი ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილზე სიტუაცია განსაკუთრებით 5 იანვარს დაიძაბა, ღამის განმავლობაში ქალაქ ალმათში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. 

მანამდე, დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა.  დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ოპერაციებში უკვე მონაწილეობენ.

მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო, ჯერ მანგისტაუს რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანა უკვე დატოვა ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც თანამდებობიდამ წასვლის მიუხედავად, ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი