
საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოძიებულ თანხებს ხელისუფლება არაეფექტურად ანაწილებს - ასე აფასებენ ეკონომისტები ხელისუფლების საბიუჯეტო გეგმებს.
მათი მოსაზრებით, კორონავირუსის შედეგად დაწესებულმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ქვეყანა გაუსაძლის გაჭირვებაში დატოვოს. ექსპერტების შეფასებით ტურიზმის შეჩერება სერიოზულ უარყოფით შედეგს დაამჩნევს როგორც მთლიანად ქვეყანას, ისე ცალკეულ მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა გაკოტრდნენ. უმუშევრობა კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დარჩება.
ეს თანხა, რაც რეალურად არის ჩადებული სოციალურ პროგრამების უზრუნველყოფაში, მარტივი მათემატიკით რომ გაეყო ხელისუფლებას, 3,3 მილიონ ადამიანზე, სამსულიან ოჯახზე დახმარება 1,000-დან 1,200 ლარამდე გამოდიოდა. ანუ როგორი არაეფექტური უნდა იყო, რომ თანხა გქონდეს და სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, დევნილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დატოვო დახმარების გარეშე, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
მისი თქმით, მთავრობის მიერ უცხოეთიდან მოზიდული რესურსების ხარჯვა უსამართლობის კლასიკური მაგალითია.
მოსახლეობაზე ძალიან მძიმედ აისახება ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ის ეკონომიკის შენელება, რომელიც გვქონდა ამ ხნის განმავლობაში. ეს გამოიწვევს კომპანიების გაკოტრებას, გვექნება ბევრი ბიზნესი, რომელიც გაკოტრდება, ან იძულებული იქნება ხარჯების შემცირებისთვის ხალხი გაუშვას სამსახურიდან, - ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი.