ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ ერთი ფიგურანტი, რომელმაც ნიკა გვარამიას მიაწოდა ინფორმაცია მისივე შეკვეთილი მკვლელობის შესახებ, ლიკვიდირებულია.
კილაძის თქმით, ეს არის რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კულუმბეგოვი და ის ვლადიკავკაზში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
როდესაც კრემლისთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებ, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი ხარ, ბლოგერი, თუ ჟურნალისტი, აუცილებლად მოხვდები კრემლისთვის მიუღებელ, დასახვრეტთა სიაში. შენზე ნადირობას აუცილებლად დაიწყებენ და საყოველთაო მტრად გამოგაცხადებენ - ასე ეხმაურება ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი "მთავარ არხთან" საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას.
აბდურახმანოვი ამბობს, რომ თუ ქართველმა სპეცსამსახურებმა ქილერები მართლაც გაუშვეს ქვეყნიდან, ეს საქართველოს ღალატია:
"იმედია ეს არ მოხდება, თუმცა ნიკა გვარამიას მკვლელობა სერიოზული პოლიტიკური დანაშაული იქნება, შესაძლებელია ფიქრობენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის შესაშინებლად კეთდება, თუმცა დამიჯერეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერავინ და ვერაფერი შეაშინებს. ამ ადამიანმა ბევრი სიკვდილი, წამება და ბრძოლა ნახა" ამბობს ჩეჩენი ბლოგერი.
ელისო კილაძის ინფორმაციით, ცნობილია ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტები და რატომ და ვისი დავალებით გაიყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისინი ქვეყნიდან.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად - არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.
ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლილუაშვილის უწყებამ რუსული ფეესბეს მოთხოვნით ისინი ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააპარა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი