ეს არის პოლიტიკური განაცხადი პრიორიტეტების შესახებ - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთთან დადებული საჰაერო თავდაცვის სისტემების ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების შესახებ.
საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად ხელშეკრულება საფრანგეთთან თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს გაფორმდა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების შესრულებას მთავრობის მხრიდან არაერთხელ შეექმნა პრობლემა. მისი თქმით, როდესაც სეკვესტრი აღნიშნულ ხელშეკრულებას ეხება, ეს არის პოლიტიკური განცხადება მთავრობის მხრიდან.
იმდენი ბრძოლა გადაიტანა ამ ფრანგულმა კონტრაქტმა, იმდენი რამის ფასად დაგვიჯდა, ჩვენ, ქვეყანას, მისი მიღწევა, ხელმოწერა, რეალიზაცია, რომ დღეს არც კი მჯერა, კოშმარ სიზმარში მგონია თავი, როცა გავიგე, რომ სწორედ ამ კონტრაქტის ხარჯზე ხდება თურმე ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლა, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
მისი ვარაუდით, შესაძლოა გადავადების ინიციატორი ამჯერადაც მთავრობა იყოს და ამის მიზეზად ქვეყნის ხელისუფლებას კოვიდ 19-ით შექმნილი ვითარება მოჰყავდეს.
აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ქვეყნის თავდაცვის ჯაჭვის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო ავიაციამ საქართველოს საჰაერო სივრცეში ტოტალური კონტროლი ვერ მოიპოვოს.
ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება, მათ შორისაა 30 მილიონი ლარი, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას აკლდება. ამ სისტემას ქართული სამხედროები თითქმის რვა წელია ელოდებიან.