"წიგნები უკვე გადავეცით, შეცდომები ვაღიარეთ... ეს საკმარისი არ აღმოჩნდა" - ლაშა ბაქრაძე წულუკიანის უწყებაზე

გამოქვეყნდა:

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ კულტურის სამინისტრომ მუზეუმს ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნის მთელი ტირაჟის გადაცემა მოსთხოვა.

მისივე თქმით, მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნები სამინისტროსგანაა დაფინანსებული, უწყება კი ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებას ითხოვს. ბაქრაძე წერს, რომ მცირე ბიუჯეტის გამო, მუზეუმი ახალი, ჩასწორებული ტირაჟის გამოცემას ვერ შეძლებს.

ამასთან, ლაშა ბაქრაძის ინფორმაციით, მუზეუმმა სამინისტროს დარჩენილი წიგნები დღეს გადასცა, შეცდომა ჯერ კიდევ 2 იანვარს აღიარა, დარჩენილი ტირაჟისთვის კი შეცდომის გასწორების ფურცლის დართვას აპირებდნენ. თუმცა მისი თქმით, კულტურის სამინისტრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა:

"[...]მაგრამ „არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქე“ მეტს ითხოვს და, სამწუხაროდ, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა მათი (ამ ეტაპზე) ასეთი განცხადებით დაკმაყოფილება, რასაც დღეს მართლაც „საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა“. სავარაუდოდ, იგივე მრჩეველები, ვინც სამინისტროს ამ განცხადების გაკეთებას ურჩევდნენ, ახლა საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისკენ მოუწოდებენ, ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ ბოდიში მოიხადოს ამ ტექსტის გამოქვეყნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრს, სრულიად სამართლიანად, ჩვენი საერთო და ჯერაც დაუძლეველი საბჭოთა ტოტალიტარიზმის დრო გაახსენა.

ასეთი შეცდომები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია საგამომცემლო საქმეში, და ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, რომ აქ რაღაც შეთქმულება დაინახო - ამჯერად უკვე ანა კალანდაძის წინააღმდეგ. როდესაც რაღაც დანაშაულზე ჩნდება ეჭვი, მოტივიც უნდა არსებობდეს, და რა მოტივი შეიძლება გვქონდეს გამომცემელსა და რედაქტორს, რომ ისედაც პაოლო იაშვილის ლექსების მისაკუთრების მცდელობაში ეჭვმიტანილ ელენე დარიანს ახლა კიდევ ანა კალანდაძის ლექსები „მივაკუთვნოთ“?

კრიტიკისა და თვითკრიტიკის ქარცეცხლში თითქოს უკვე გაგვატარეს, მაგრამ სამინისტრო ჩემთან „გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“ და კიდევ ერთხელ გარკვევას, თუ „რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა“, რომელიც, როგორც ჩანს, სამინისტროს თვალსაზრისით „სისტემისთვის“ საფრთხის შემცველია, - წერს ლაშა ბაქარძე.

ცნობისთვის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად ანა კალანდაძის ორი ლექსია გამოცხადებული. 

ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი