ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ წარმოუდგენელი შავი კამპანია მიმდინარეობს - მოსამართლე ქეთი მესხიშვილი

გამოქვეყნდა:

შავი კამპანია და დისკრედიტაციის მცდელობა - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი და მისი ოჯახი  მიზანმიმართული შეტევის სამიზნე ხდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს და იმ საჯარო პოზიციას უკავშირებს, რომელიც ბოლო დროს არაერთ საკითხთან მიმართებაში გამოთქვა: 

"ძალიან მოკლედ!

ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს. დღესაც არაფერს

ვიტყოდი, რომ არა უკვე რისკი იმისა, რომ აღნიშნულმა კამპანიამ ჩემი კოლეგები შეიძლება დააზიანოს.

ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ, დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი!

ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას!

არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია!

ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან ეს! ასევე ისიც იციან, რომ გარიგებებს არასოდეს დავთანხმდები, თან არანაირს, არანაირ ფასად! შესაბამისად, ჩემთვის დაბრალება იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ვარ გარიგებაში, გარდა იმისა, რომ საფუძველს მოკლებულია, ამორალურია!

მართლმსაჯულებაში ნებისმიერი აქტორის მიერ პოლიტიკის შემოტანა, სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ფუძემდებლურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ჩემთვის პიროვნულად კი, აღნიშნული დაშვება მიუღებელი და წარმოუდგენელია!

მთელი ეს აურზაური ჩემი და ჩემი კოლეგების საჯარო პოზიციას უკავშირდება. პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გავაკრიტიკოთ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე.

ამჯერად, დეტალებზე არ დავკონკრეტდები, თუმცა, უკიდურესად ამორალურია ჩემი უზენაესი სასამართლოს კანდიდატობაზე აპელირება.

თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ან ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი, გულწრფელად ვწუხვარ!

თუ არა.. სირცხვილია მეგობრებო!" წერს ქეთევან მესხიშვილი.

მესხიშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა "ოცნების" კანონპროექტს დისციპლინურ სახდელებთან დაკავშირებით და ხელმომწერია მოსამართლეების ნაწილთან ერთად გავრცელებული განცხადების.

იხილეთ ასევე:

მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები - მოსამართლე კანონპროექტეზე
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი