იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე - მოსამართლეების ნაწილი "ოცნების" კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

მოსამართლეთა ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს და წერს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. მათივე განცხადებით, დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კირიტკული აზრის გამოხატვის გამო.

მოსამართლეები წერენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"27 დეკემბერს, მოსამართლეებმა, მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი სხვა სასამართლოში გადაყვანა, დაქვეითება და ა. შ. მოსამართლეთა დევნა დასაშვები ხდება ასევე მოსამართლეთა მიერ გამოხატული კრიტიკული აზრის გამო, თუ მოსაზრება ვინმეს „გადაჭარბებულად“, „არაპროპორციულად“, ან პოლიტიკურად „არანეიტრალურად“ მოეჩვენა. აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილებებით ვბრუნდებით იმ დროში, როცა მოსამართლეებს დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და მივლინება „ურჩ“ მოსამართლეთა დასჯის ეფექტიან მეთოდად გამოიყენებოდა. დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ მოსამართლეებზე დგას.

შესაბამისად, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დასაცავი სიკეთე თავისუფალი და დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელშეუხებლობაა. წარმოდგენილი ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭებით ხელი შეეწყობა ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას და ინდივიდუალური მოსამართლეების ხელთ არსებული დაცვის ბერკეტების კიდევ უფრო მეტად შესუსტებას. მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა მარტოოდენ კონკრეტული საქმეების გადაწყვეტაზე ზემოქმედების დაუშვებლობას არ გულისხმობს. სამოსამართლო თვითმმართველობა, სამოსამართლო აქტივიზმი, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პოზიციების, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაც სამოსამართლო საქმის ნაწილია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შესაძლებლობის მიცემა, არაგანჭვრეტადი საკანონმდებლო ჩანაწერის საფუძველზე, მოსამართლის მიერ გამოხატული აზრის მიზანშეწონილობა შეაფასოს, ხმათა მარტივი უმრავლესობით თავისუფალი სიტყვისთვის მოსამართლეები დისციპლინურად დევნოს, არანებაყოფლობით სხვა სასამართლოში მიავლინოს, არის იერიში ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ და თავისუფალ მოსამართლეებზე. საგულისხმოა, რომ არსებული ეთიკური წესები და დისციპლინური პროცედურები საკმარისად ეფექტიანად უზრუნველყოფს სასამართლოს ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას. ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, შესაძლებელია არსებობდეს, ან შემდგომში წარმოიშვას ისეთი გარემოებები, როდესაც მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა, როგორც მოქალაქისა და საზოგადოების წევრის, არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. თუ პარლამენტი მითითებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, აღნიშნული ცვლილებების მავნე ეფექტის თავის თავზე გადატანა ყველა მოსამართლეს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საზოგადოების ყველა წევრს მოუწევს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისაგან და მუშაობა გააძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლეებისათვის დამოუკიდებლობის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნა. სამწუხაროდ, ყველა მოსამართლესთან ტექნიკურად დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა, განცხადება ღიაა ხელმოსაწერად და გასაზიარებლად".

ღია წერილს ხელს აწერენ:

  • არეშიძე ეკა,
  • გასიტაშვილი ეკატერინე,
  • დარბაიძე ლევანი,
  • დევიძე დევი,
  • ებანოიძე გიორგი,
  • კიკვაძე ციცინო,
  • მესხიშვილი მანანა,
  • მარტიაშვილი ზაზა,
  • მაისურაძე მადონა,
  • მესხიშვილი ქეთევან,
  • სოხაშვილი - ნიკოლაიშვილი თეა,
  • წიკლაური მამუკა,
  • ხაჟომია თამარი,
  • ბადრი ნიპარიშვილი.

იხილეთ ასევე:

დისციპლინური სახდელები მოსამართლეების წინააღმდეგ - მორიგი სადამსჯელო კანონპროექტი "ოცნების" 6 დეპუტატისგან
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი