
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სახალხო დამცველთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ლონდა თოლორაიას უწყებამ "მთავარ არხს" წერილობითი განმარტება მისცა, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენს, მიმართვის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ნინო ლომჯარიას ეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რეკომენდაციის გასაცემად სჭირდება.
"სახალხო დამცველს, მოთხოვნის შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, სამსახურის მიერ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მ. სააკაშვილი არ არის დაზარალებულად ცნობილი, სამსახურს აქვს ადვოკატებთან კომუნიკაცია, რომლებსაც ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
დაზარალებულად ცნობა არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია, ეს იყო ერთ0ერთი ის საკითხი, რაზეც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააფიქსირა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. აღნიშნული რეფორმა წლებია, გაჩერებულია", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით 18 იანვარს მიმართეს და გადაწყვეტილების მისაღებად 48-საათიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება. საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს.
გარდა ამისა, ადვოკატებმა მოუწოდეს სახალხო დამცველს, საკითხზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.
ნინო ლომჯარია უფლებადამცველების განცხადებას გუშინ გამოეხმაურა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა სამართლიანია, თუმცა მისივე თქმით, იმისათვის, რომ ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაცია გასცეს, მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია სჭირდება.