საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ადვოკატების მოთხოვნას ეხმაურება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ მოთხოვნა სამართლიანი და არგუმენტირებულია, თუმცა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის რეკომენდაცია სახალხო დამცველის აპარატმაც გასცეს, საქმის მასალების შესწავლა სჭირდებათ.
"კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი. თუმცა, იმისათვის, რომ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახავდა და შესწავლა. როდესაც ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალები და მტკიცებულებების.
ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა იმისათვის, რომ სახალხო დამცველმაც გასცეს ეს რეკომენდაცია, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ვეცდებით, ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება წვდომა გარკვეულ საფუძველზე, რაც კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ სასურველია, სახელმწიფო ინსპექტორმა მანამ, სანამ ეს უწყება ოფიციალურად გაუქმდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გამოძიება მაქსიმალური გამჭვირვალობით აწარმოოს.
"ზოგადად მე მომხრე ვარ გამოძიების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის. მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეა, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინააღმდეგ, მისი ხელმძღვანელი პირის უბრალოდ გათავისუფლება, ასევე აჩენს იმ ეჭვებს, რომ შესაძლებელია, ამ პროცესებს ჰქონდეს გავლენა მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებაზე. ამიტომ მე მივემხრობოდი, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დარჩენილ ვადაში ამ გამოძიებას აწარმოებს მაქსიმალური გამჭვირვალობით", - თქვა სახალხო დამცველმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გენერალური პროკურატურისგან მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. შესაბამის განცხადება უფლებადამცველებმა უწყებაში გუშინ შეიტანეს. საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს.