ამერიკელი კონგრესმენების მწვავე ანგარიშს, სადაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან ურთიერთობაზეა საუბარი, საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება. დიპლომატის თქმით, განცხადებას არ იცნობს, რადგან დღის განმავლობაში გორში, შეხვედრებზე იმყოფება.
თუმცა დეგნანი ამბობს, რომ კონგრესში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, რადგან წლებია, რაც ეს ქვეყანა მათი სტრატეგიული პარტნიორია.
ეს განცხადება მე ჯერ არ მინახავს. მთელი დღეა გორში ვიმყოფები, თუმცა ეს განცხადებავე ცხადყოფს, რომ საქართველოს სიტუაციას კონგრესშიც აკვირდებიან და ის ისევ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები გავწიეთ, – განაცხადა ელჩმა.
ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ამის შესახებ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.