"3 ევროპარლამენტარის განცხადება პოლარიზაციის რისკებს ზრდის" - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ჩაშლილ ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ჟან მონეს დიალოგი, რასთან დაკავშირებითაც ვიზიტი იგეგმებოდა, "სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი" აქტივობების ფორმატი არ არის, ამიტომ მისი დაგეგმვა ორმხრივი თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებული განცხადება "პოლარიზაციის რისკებს ზრდის და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს".

ამასთან, პაპუაშვილის კაბინეტი ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს მიმართავს, სრულად გაასაჯაროვონ ​მათ შორის წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.

"ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო ფორმატია, რომელიც ხორციელდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის და შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზე და მიზნად ისახავს ქვეყნის შიგნით საპარლამენტო პარტიებს შორის დიალოგის წახალისების მხარდაჭერას.

ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ჟან მონეს დიალოგის ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრეზიდენტთან კომუნიკაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი იქნა არჩეული.

დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დიალოგის დაწყების მომზადებამდე, შედგეს შეხვედრა ახალარჩეულ თავმჯდომარეებს შორის და მოხდეს შეთანხმება დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი.

აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა ევროპარლამენტის შესაბამის სამსახურებს.

ამასთან, ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს.

შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს.

შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროვონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი