
კიევში შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან საელჩოს რიგითი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყოს. ინფორმაციას CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, აშშ-მ უკრაინას უკვე აცნობა, რომ ევაკუაცია, "სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება". ასევე გამოცემის წყაროს თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ თუ შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს "გადაჭარბებული რეაქცია" იქნება.
ცნობისთვის, უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.