სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების პროტესტი ხვალიდან ქუჩაში გადაინაცვლებს. პირველი ლოკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია იქნება, სადაც მთავარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.
150-მდე ოჯახი უკვე წლებია ხელისუფლებას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას სთხოვს, თუმცა არაერთი დაპირებების მიუხედავად, ხალხს ისევ ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ შენობაში უწევს ცხოვრება.
უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზურამ ქირიამ, რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის გუშინ დაკრძალეს.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, ისინი მხოლოდ დაპირებებს გასცემენ, რომლისაც დევნილებს უკვე აღარ სჯერად.
"ჩვენ არანაირ ქირაზე აღარ წავალთ. არც ვითხოვდით და არც მოვითხოვთ. ფარატინა ფურცლები, რაც მოგვიტანეს ორი დღის უკან, ეს იყო კიდევ ერთი დაცინვა იმისა, რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ხდებოდა. ელემენტარული ყურადღება არ იყო აფხაზეთის მთავრობისგან. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება - ეს არის ბინა, ბინა და კიდევ ერთხელ ბინა! ხელისუფლებავ, აფხაზეთის მთავრობავ, ჯანდაცვის სამინისტრო და პრემიერო, ცოტათი გამოფხიზლდით!“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ესმა ბაღათურია.
ადგილობრივები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მათი პრობლემით დაინტერესდნენ და ამბობენ, რომ შენობა, სადაც ახლა იმყოფებიან, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
"ჩემი შვილის ოთახში ჩამოინგრა ჭერი. კიდევ კარგი, რომ რაღაც არ მოჰყვა ამას. ხელისუფლებას ეს აბსოლუტურად არ ადარდებს, იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. მმართველო პარტიავ, თუ გვისმენთ, მოგვაქციეთ ყურადღება. აქ ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები, შეიძლება ხვალ ან ზეგ, ღმერთმა ნუ ქნას და რამე ტრაგედია დატრიალდეს. უსირცხვილოდ და უსინდისოდ ჩვენი ჯანმრთელობის მინისტრი გამოდის და ლაპარაკობს, რომ ნუ მიაწერთ ამას [ზურაბ ქირიას გარდაცვალებას] დევნილების პრობლემასო. ვის უნდა მივაწეროთ, როდესაც ამ ადამიანმა ჩვენს გამო გასწირა თავი", - ამბობს ნანული აბლოთია.
აღსანიშნავია, რომ სანატორიუმი "ქართლი" ერთადერთი შენობა არ არის, სადაც დევნილებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ავარიულ მდგომარეობაშია გლდანში, რადიოსადგურის ტერიტორია არსებული შენობაც. ადგილობრივების მოთხოვნაა გადაიყვანონ ალტერნატიულ საცხოვრებელში, რადგან მათთანაც არის საშიშროება იმისა, რომ შენობა ჩამოინგრეს.