
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის აგრესია მაშინ დასრულდება, როცა დასავლეთი კრემლს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის და ეტყვის, რომ უკრაინა ერთ-ერთი მათგანია.
როგორც კულებამ თქვა, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთი რუსეთს შესაბამისად უპასუხებს.
"დასავლელი პარტნიორები უკრაინის საკითხზე უკრაინის გარეშე არ მსჯელობენ. ჩვენი ქვეყნის საზღვარი, თუნდაც ერთმა რუსმა სამხედრომ რომ გადაკვეთოს, ამას დასავლელი პარტნიორები შემოჭრად შეაფასებენ. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის თავდასხმას შესაბამისად ვუპასუხებთ. თეთრმა სახლმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში რუსეთს საკმაოდ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს.
უკრაინამ რთული და მტკივნეული გზა გაიარა და გაძლიერდა. პარტნიორებისგან წარმოუდგენელი რაოდენობის სამხედრო დახმარება მივიღეთ. ამასთან, ყველა კონცენტრირებული ვართ, რომ ეს ესკალაცია არ მოხდეს. პუტინის მუქარას არ უნდა ავყვეთ და პანიკამ არ უნდა მოგვიცვას, რადგან თუ უკრაინა შიგნიდან გატყდება, ეკონომიკური ჩამონგრევა და სოციალური კრიზისი დაიწყება. ამით კი პუტინი მიზანს მიაღწევს და თავდასხმა საერთოდ არ დასჭირდება.
რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის და ეტყვის, რომ უკრაინა ერთ-ერთი მათგანია და რუსული ზეგავლენის ქვეშ არასოდეს დაბრუნდება", - თქვა დმიტრო კულებამ.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.