ახალგაზრდამ საგარეჯოს პოლიციის შენობიდან გადმოხტომა სცადა - არაადამიანური მოპყრობის ისტორია

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღის წინ საგარეჯოში გამართული კონცერტი პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირებით და 2 ახალგაზრდის დაკავებით დასრულდა. კიდევ რამდენიმეს კი სამართალდამცველები პირდაპირ დაემუქრნენ, იარაღის ჩადებით და დაჭერით, თუ ხმის ამოღებას გაბედავენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდებმა გარდაცვლილი სამხედროსთვის პატივის მიგება მოინდომეს და დაკრძალვის პარალელურად კონცერტის ჩატარება სცენიდან გააპროტესტეს.

ვითარების კონტროლის ქვეშ დაბრუნება შორიახლოს მდგარმა პოლიციელებმა განიზრახეს, რომლებიც მოწმეების მონაყოლით სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვენენ და ახალგაზრდებსაც უსასტიკესი მეთოდებით გაუსოწრდნენ. 

ირკვევა რომ ერთმა დაკავებულმა ფურთხების, გინებისა და ცემის შემდეგ განყოფილების შენობიდან გადმოხტომაც კი სცადა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ნაცემი ახალგაზრდები აქეთ დაიჭირეს და პოლიციაზე თავდასხმა ბრალად წაუყენეს. ერთადერთი მტკიცებულება ისევ პოლიციელების მონაყოლი აღმოჩნდა.

მოწმე ნინო კ. ჩვენებიდან: 

“მე მეგონა, რომ პოლიციელებს იმიტომ შეყავდათ დაკავებული პიროვნება შენობაში, რომ მისთვის ეცემათ. მე შევეცადე კართან მისვლას, თუმცა იქ არ შემიშვეს სხვა პოლიციის თანამშრომლებმა და ამის გამო დავრეკე 112-ში სადაც განვაცხადე, რომ პოლიციას ახალგაზრდა ყავდა დაკავებული და სცემდნენ.” 

საგარეჯოელი პოლიციელების მიერ დაკავებული ახალგაზრდა, ადგილობრივი ცეკვის ანსამბლ - “სინათლის”, 18 წლის  სოლისტი  გიორგი ახვერდაშვილი იყო, რომელიც 7 იანვარს, ქალაქის ცენტრში მიმდინარე კონცერტზე, მეგობართან, ბექა ჯავახიშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

საქმის მასალების გაცნობის მიუხედავად, იმის დადგენა თუ  როგორ ჩამოიყვანეს  სცენაზე ასული ბიჭები  პოლიციელებმა  შეუძლებელია, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი სამართალდამცავის განმარტება სასაცილოდ  წინააღმდეგობრივია.  

“პოლიციელებმა ბექა ესაიაშვილმა და გიორგი ღვალაძემ აღნიშნული 2  ახალგაზრდა ბიჭი სცენიდან ჩამოიყვანეს მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ვგულისხმობ მათ სცენიდან ჩამოთრევას.” 

გამოძიების ვერსიით, სცენიდან ძალდატანების გარეშე ჩამოთრეულ ბიჭებს, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა არ მოეწონათ და  მათ  ჯერ სიტყვიერად, მოგვიანებით კი  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც პოლიციელები იძულებულები გახდნენ მათ წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოეყენებინათ და ახალგაზრდები დაეკავებინათ. 

პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების დაწყების სხვა ვერსია აქვს დაცვის მხარეს, ადვოკატი საგარეჯოელ პოლიციელებს კონფლიქტის პროვოცირებაში ღიად ადანაშაულებს. 

საგარეჯოელი პოლიციელების გადამეტებული აგრესიულობა რომ შესაძლოა, მართლაც მათი სიმთვრალით  იყო განპირობებული, ადასტურებს მოწმე, რომელიც პოლიციელების სამიზნე იმ დღეს თავადაც იყო. 

ახალგაზრდა კაცმა, ეკრანზე  ღიად  გამოჩენისგან თავი შიშის გამო შეიკავა. ამბობს, რომ ახსოვს ყველა სიტყვა და მუქარა, რომელიც საგარეჯოს პოლიციის უფროსის კაბინეტში მოისმინა. 

ბექასთვის, რომელიც მისი პირობითი სახელია, პოლიციის მხრიდან ომის გამოცხადების მიზეზი,ამ შემთხვევაშიც, საშობაო კონცერტის  სცენაზე ასვლა გახდა. მან  ადგილობრივი მთავრობა არათანმიმდევრულობის გამო ღიად გააკრიტიკა და თქვა, რომ როცა პატარა ქალაქში, ტრაგიკულად დაღუპულ კაპრალს სამხედრო პატივით კრძალავენ მეორე დღეს ტაშ-ფანდური არ უნდა იმართებოდესო. 

ეს გამოსვლა ბექას ხულიგნობად ჩაუთვალეს და სცენიდან პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში უკრეს თავი. 

ბექას დაკავებიდან მალევე პოლიციის განყოფილებაში  გიორგი ახვედაშვილი და ბექა ჯავახიშვილიც აიყვანეს. 

ვიდრე  სამართალდამცავები ბიჭებთან მუშაობდა, ბექა ერთი მეთვალყურის ამარა იყო დარჩენილი. მან დრო იხელთა და პოლიციის შენობიდან თავის დაღწევა სცადა. 

ბექაზე არანაკლები დაზიანებები ჰქონდა იმ ბიჭებს, რომლებსაც საგარეჯოელი პოლიციელები გვერდით ოთახში "ამუშავებდნენ", არა და თუ  მათი დაკავების ოქმებს ვენდობით, ახალგაზრდებმა  ფიზიკური  ზიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების  განეიტრალების და დაკავების ოპერაცია ქალაქის ცენტრში ხდებოდა და მასში ათზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, საქმეში არც გარე სათვალთვალო და არც პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები მოიპოვება.

ეს სისხლის სამართლის საქმე ზერელედ და ნაჩქარევად არინ ნაწარმოები, რაზეც მასში ბიოლოგიური  და  დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნების არარსებობაც მეტყველებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ჯგუფურად არის ჩადენილი, ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა უკვე მხოლოდ მოსამართლის გადასაწყვეტია სცენაზე ასვლისა და ცეკვის სურვილისთვის  გაწირავს თუ არა  18 და 19 წლის ბიჭებს, ამდენი წლით  საპყრობილეში გამოსაკეტად. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი