
პარლამენტში კანონმდებლები ბიუროს სხდომის ფორმატში შეიკრიბებიან. სხდომაზე საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგზე უნდა იმსჯელონ. ბიუროს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებიც წარედგინება, სია პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
პრეზიდენტი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად 2 კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს განიხილავს. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.