ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე და ელენე ბაქრაძე (დარიანი) წიგნის ავტორი, თეა თვალავაძე კულტურის სამინისტროში მივიდნენ.
სამინისტროში თეა თვალავაძე აუდიტის სამსახურმა დაიბარა. ელენე დარიანის კრებულის გამოცემა კულტურის სამინისტრომ დააფინანსა, სწორედ ამიტომ, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს თვალავაძესთან კითხვები სწორედ ფინანსებთან დაკავშირებით ექნებათ.
შეხვედრა უწყების თანამშრომლებსა და თეა თვალავაძესთან ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე დასწრება თავად ლაშა ბაქრაძესაც სურდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
ამას გარდა, ლაშა ბაქრაძე კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას საჯაროდ ითხოვს. მისი თქმით, ის მზად არის მის მიმართ არსებულ შეკითხვებს უპასუხოს.
ცნობისთვის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად ანა კალანდაძის ორი ლექსია გამოცხადებული.
ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.