შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
"სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული.
ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
მომხდარზე გუშინვე გაავრცელა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში თქვეს, რომ გმობენ მომხდარს. მათივე ცნობით, მასალები უკვე გადაუგზავნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება პოლიციელის მხრიდან, ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.