ქუთაისის პროკურატურაში ქალმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ხელები დაისერა. მზია მამრიკიშვილი პროკურატურას 12 წელია საქმის გამოძიებას უშედეგოდ სთხოვს, რის გამოც გუშინ საგამოძიებო ორგანოში მივიდა და მჯდომარე აქცია გამართა.
მისი თქმით, გვიან ღამით ქუთაისის სამმართველოს პოლიციელები მასთან მივიდნენ და დაზარალებული იძულების წესით პროკურატურიდან გამოიყვანეს, რა დროსაც ქალმა ბასრი საგნით ხელები დაისერა.
"არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრულია კერძო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის - სოფიო სურგულაძე-ხამაშურიძის წინააღმდეგ. ქალს მითვისებული აქვს ერთ კილომდე ოქრო, ჩემი ნივთები, დაწყობილი აქვს კალბი დოკუმენტების, ყალბი საბუთების საფუძველზე.
სწორედ ამიტომ, მოვედი პროკურატურაში, მე მაქვს უფლება საჯარო სივრცეში დავჯდე და ვიყო იქამდე, სანამ პროკურატურა არ გააკეთებს იმას, რაც საჭიროა, რაც მოვალეობაა. ღამის 12:00 საათი იყო, შემოცვივდა 10 კაცი ქუთაისის სამმართველოდან, ეს იყო სოფიო სურგულაძის გამოგზავნილი ხალხი, გავაფრთხილე ხელი არ მომკიდოთ მეთქი, აღმომაჩნდა პატარა მაკრატელი, რომლითაც დავიზიანე ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ხელი", - ყვება ქალი.
60 წლის მზია მამრიკიშვილის თქმით, თაღლითობაში დადანაშაულებული სოფიო სურგულაძე "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.