სამინისტროს წარმომადგენელს მხოლოდ პირისპირ შეხვედრა სურს - დევნილები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები კიდევ ერთ აქციას მართავენ. აქციის გამო, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

დევნილები ითხოვდნენ, სამინისტროს წარმომადგენელს, იურისტს, ომბუდსმენის წარმომადგენელსა და მათ შორის ერთობლივი შეხვედრა გამართულიყო, თუმცა გვიან ღამით, მათ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შეხვედრაზე სახალხო დამცველის დასწრებასთან დაკავშირებით თანახმა არ იყვნენ.

დევნილები ამბობენ, რომ პირი, რომელიც მათ უნდა შეხვედროდათ, დავით გურამიშვილია.

"ჩვენი კომუნიკაცია არ შედგა. პატარა ბავშვს გაეგება, რატომ უნდოდათ პირისპირ [შეხვედრა]. ჩვენ 7 წელია გვაბოლობენ, ახლაც უნდოდათ ჩვენი დამშვიდება, რომ კიდევ ერთი წელი ხმა არ ამოვიღოთ. ასე არ იქნება", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი. 

აქციას სოლიდარობის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

​ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გასულ კვირას პრემიერი ამ საკითხს არ გამოეხმაურა. მან დევნილებთან დაკავშირებით კომენტარი მხოლოდ გუშინ, მთავრობის სხდომაზე გააკეთა: "ერთ შემთხვევაში დევნილებს ბინის მოძიება თბილისში თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში კვადრატულის ფასი იქნება 550დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის შესყიდვასაც განახორციელებს სააგენტო, მეორე გზა - დევნილ ოჯახებს აქვთ ალტერნატივა, რომ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ".

დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი