დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ - ნაცემ შშმ მოზარდს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

გამოქვეყნდა:

შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორივე პოლიციელს ბრალი წარედგინათ. გამომძიებლის ინფორმაციით, ბრალი იგივე მუხლებით წარედგინათ, რითიც მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ერთ შემთხვევაში საქმე ეხება არაადამიანურ მოპყრობას, მეორე შემთხვევაში კი სამსახურეობრივი უფლებმოსილების ბოროტად გამოყენებას. 

ერთ-ერთმა პოლიციელმა გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

"არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. [...] თუ გამოიკვეთება ისეთი გარემოება, რაც კვალიფიკაციის შეცვლას გახდის საჭიროს, შესაბამისად პროკურატურა აღნიშნულზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ბრალის შინაარსთან დაკავშირებულ დეტალებზე ვერ მოგახსენებთ", - თქვა გამომძიებელმა.

პროკურატურის განცხადებით, ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო კახაბერ ბაკაშვილს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლის პირველი ნაწილით.

"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს  რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება.
გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის აქტიური თანამშრომლობით და ჩართულობით, მალევე დადგინდა ინციდენტში მონაწილე ორივე პატრულ-ინსპექტორის ვინაობა, რის შემდეგაც გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთანავე, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

17 წლის ბიჭს კი დაზარალებულის სტატუსი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიენიჭა. ოჯახმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა.

არაა გამორიცხული სასამართლომ პოლიციელების აღკვეთზე დღესვე იმსჯელოს. პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები გუშინ, 25 იანვარს დააკავეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი