დროებით შეჩერებული აქციები - სანატორიმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან. თუ იძულებით გადაადგილებულ პირებს ეტყვიან ზუსტ თარიღს, როდის გადაეცემათ ბინები, აქციები შეწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას დევნილები ისევ ქუჩიდან გააგრძელებენ.
ჯანადაცვის სამინისტრო სამუშაო ჯგუფის შექმნას დათანხმდა. პარასკევს იძულებით გადაადგილებული პირების ადვოკატები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამუშაო ჯგუფს შეხვდებიან.
"შეხვედრა ჩაინიშნა პარასკევს 11:00 საათზე. ჩვენი მოლოდინი ამ შეხვედრასთან მიმართებით არის ის, რომ უკვე სამუშაო ფორმატში მივიღებთ კონკრეტულ სამართლებრივ გარანტიებს და სამოქმედო გეგმას გავეცნობით დეტალურად", - ამბობს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები, თამარ სუითიევა.
ამ მოლაპარაკების შედეგზე იქნება დამოკიდებული დევნილების გეგმებიც.
ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.