"ჩვენ არ ვართ კადრებშიო" - შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

გამოქვეყნდა:

​თბილისის საქალაქო სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, პოლიციელები მათთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. კერძოდ, ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, ბრალდებულები ადასტურებენ, რომ 23 იანვარს მეტროსადგურ ისანში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არ არიან. 

"ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები. ორივე ბრალდებულს მოცემული აქვს ჩვენება. დადასტურებული შსს-ს შესაბამისი წერილითაც, თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ "ისანის" შენობაში, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ორივე მათგანი უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. არ აღიარებენ. ჩვენ ვმორიგეობდით, ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას, უბრალოდ, არ ვართ კადრებშიო. კადრები წარდგენილი გვაქვს და უარყოფენ, რომ ისინი არიან. დაზარალებულს სურდა, რომ ამოცნობა ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდებულებმა თქვეს უარი ამოცნობაზე მონაწილეობაში", - თქვა პროკურორმა.

ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვენ დაზარალებულის ახლობლებიც. 

"ყველა ვინც სამართალს დაარღვევს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ვუთხარით, რომ იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არ ესმოდა, ვერ საუბრობდა, მაგრამ მათ თქვეს, რომ ავალაპარაკებთო. დანარჩენი თქვენც იცით, როგორი მეთოდით სცადეს ალაპარაკება", - აღნიშნა დაზარალებულის მეგობარმა, გიორგი ჯოჯიშვილმა.

შშმ მოზარდის უფლებადამცველი ჯანო ჭკადუა არ გამორიცხავს, დაკავებულებისთვის მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიების წამების მუხლით გაგრძელება მოითხოვონ.

"დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება და თუ გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას, დაზარალებული მხარის მიერ მოთხოვნილი იქნება, რომ ეს ქმედება გადაკვალიფიცირდეს წამებად", - თქვა ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ.

პოლიციის თანამშრომელ ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება, მის მეწყვილე კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ირკვევა, რომ ვიდრე ბაქრაძე შშმ არასრულწლოვანს ფიზიკურად უსწორდებოდა, მისი მეწყვილე ბაკაშვილი დანაშაულის აღკვეთის ნაცვლად, ძალადობას გულგრილად უყურებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი