სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები რამდენიმე საათში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან. დღესვე შეიქმნება სამუშაო ჯგუფიც, რომელიც უწყებასა და დევნილებს შორის დიალოგს უზრუნველყოფს. შეხვედრას დაზარალებულების ადვოკატები და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დაესწრებიან.
დევნილები ითხოვენ, რომ სამინისტრომ თქვას კონკრეტული თარიღი - როდის გადაეცემათ იძულებით გადაადგილებულ პირებს უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
თუ მოლაპარაკება უშედეგო იქნება დევნილები ამბობენ, რომ ისევ აქციებს გააგრძელებენ.
"თუ არ იქნება სამართლებრივი გარანტიები ჩვენთვის მოცემული და ისევ დავრჩებით იმ ნარატივში, რომ წლის ბოლომდე იგეგმება რაღაც, არ იქნება ეს ჩვენთვის გარანტირებული ან ისე დანახული, რომ ეს რეალურად შეიცავს კონკრეტულ გარანტიებს, ამ შემთხვევაში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს", - ამბობს დევნილი, თამარ საუთიევა.
ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, კვადრატულ მეტრზე 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.