
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იანვარში, რუსი ოკუპანტების უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას და სხვა ტიპის უკანონო აქტივობებს ეხმიანება. უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირებას ახდენენ.
მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
"კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე", - წერია უწყების განცხადებაში.
სუს-ი აცხადებს, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს.