
ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს ის ორჯერ დაიჭირეს.
უგულავა ამბობს, რომ ღარიბაშვილი საზოგადოების გაოცებას განაგრძობს და მისი ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლმსაჯულება და სასამართლო ბოლომდე მოსპო.
ბატონი ღარიბაშვილი ჩვენს გაოცებას განაგრძობს. ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია "ქართული ოცნების" გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერმინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლმსაჯულება და სასამართლო ბოლომდე მოსპო, - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი პრემიერმინისტრობის დროს უგულავა ორჯერ დაიჭირეს.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვაზე, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა საპატიმროდან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს თავდაცვის მინისტრია და შეკითხვა მას არ ეკუთვნის.
ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი. ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის, ბატონო ლევან, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ათ თებერვალს დააკავეს. დედაქალაქის ყოფილი მერი სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე ორჯერ იჯდა, საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.
გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.