
ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვაზე, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა საპატიმროდან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის დღეს თავდაცვის მინისტრია და შეკითხვა მას არ ეკუთვნის.
ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი. ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის, ბატონო ლევან, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამედ, მიმდინარე წლის ათ თებერვალს დააკავეს. დედაქალაქის ყოფილი მერი სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე ორჯერ იჯდა, საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.
გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.