ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა.
ჰარცელმა განმარტა, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტი.
„თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ, რომ ევროკავშირმა გააგზავნა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განხორციელებას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - თქვა ჰარცელმა.
ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
"რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ის თუ როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული პარლამენტის საქმეა და ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ბიუროზე დღეს გაიტანეს, მთავარი აგრესორი - რუსეთი, ნახსენებიც არაა. რეზოლუციის პროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.