პარლამენტის წინ ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სოლიდარობის აქცია და მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება. დროშას, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები უკრაინელების მიმართ საკუთარ გზავნილებს ტოვებენ ოპოზიციის ლიდერები რადას დეპუტატებს გადასცემენ.
ერთ-ერთი ვინც აქციას შეუერთდა რუსი სამოქალაქო აქტივისტი, ნიკოლაი ბაშმაკოვია.
"ვფიქრობ, რაც ახლა ხდება უკრაინაში ეს არის მიუღებელი, რადგან უკრაინელები მოძმე ერია. აქ რომ მოვედი, სინდისმა მიკარნახა, რომ უნდა გავჩერებულიყავი და ჩემი ხელმოწერა დამეტოვებინა. მე საქართველოში ჩამოვედი და გარკვეული პერიოდი აქ ვიქნები იმიტომ, რომ პოლიტიკური აქტივისტი ვარ და გარკვეულწილად, დისიდენტიც. მე და ჩემი თანამოაზრეები რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებს ვაწყობდით და ამის გამო ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს", - თქვა ნიკოლაი ბაშმაკოვმა.
დღევანელი აქცია "დროას" ორგანიზებულია. ელენე ხოშტარია დროშებს და გზავნილებს რადას დეპუტატებს ხვალ გადასცემს.
კიევში "დროა" დღეს საღამოს გაემგზავრება. უკრაინაში უკვე გაფრინდნენ ლელო-საქართველოს წევრები.